ხათუნა გელაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ცხოვრობს. ის ყოველთვის ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე და სურდა დამატებითი საქმიანობით დახმარებოდა მას ფინანსურად. სწორედ ამიტომ, ხათუნამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის დახმარებით, ხათუნამ ჟოლოს ნერგები შეიძინა და მისი წარმობა გააფართოვა. ის საკმაოდ გამოცდილია ჟოლოს წარმოება-რეალიზაციაში და მომხმარებლებიც ჰყავს სხვადასხვა სოფლებიდან. ჟოლოსგან მურაბასაც ამზადებს და რეალიზაციისთვის რამდენიმე მაღაზიასთან თანამშრომლობს.
მომავალში, ხათუნას კვლავ სურს ჟოლოს წარმოების გაფართოვება და მეტი მომხმარებლების მოზიდვა. მისი ერთადერთი პრობლემა ამინდის ცვალებადობაა - სეტყვისა და გვალვის დროს ჟოლოს ნერგები ფუჭდება და შესაბამისად ხათუნას ბიზნესიც ვერ ვითარდება. სწორედ ამიტომ, მას გარკვეული ფინანსები სჭირდება რომ ჟოლოს ნერგები დააზღვიოს და წარმატებულად გააგრძელოს თავისი საქმიანობა.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.