„მეწარმე ქალებისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, სხვანაირი და მეტად პერსპექტიული კუთხით დავინახეთ ეს ცხოვრება და უკეთესი მომავლის იმედიც გაგვიჩნდა“.
ლალი გურგენიძე მეწარმე ქალია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ძველი გერმანული სოფლიდან, ასურეთიდან (ელიზაბეტალი). როგორც ლალი ამბობს, გერმანელების მიერ დატოვებული ორ საუკუნოვანი მარანი დარჩა თავის ოჯახს და სწორედ ამ მარანში აკეთებს ღვინოს, რომელსაც ასურეთული შავი, ანუ შალა ჰქვია.
ლალი ძირითადად სახლის პირობებში ასხამდა ქართულ-გერმანულ ტრადიციებზე დამზადებულ ღვინოს, და სოფლის მაცხოვრებლებში ყიდდა. ბიზნესის გაფართოების სურვილი ყოველთვის ჰქონდა ლალის, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ მხოლოდ სოფლის მომხმარებლებით ვერ განვითარდებოდა.
ლალის თავისი სურვილის განხორციელებაში დაეხმარა პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. პროექტის ფაგრლებში, ლალიმ ღვინოს ჩამოსხმა დაიწყო ბოთლებში და ახლა საკუთარი პროდუქტის რეალიზაციას ბევრად ეფექტური გზით ცდილობს.
„ყოველთვის მინდოდა ღვინო ბოთლებში ჩამომესხა და საკუთარი წარმოება გამეფართოვებინა. ძალიან მადლიერი ვარ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, რომ დამეხმარა ჩემი სურვილების ასრულებაში“.
ლალიმ ჩამოსხმული ღვინო, პირველად გაიტანა საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო. გამოფენაზე ქართულ-გერმანული ღვინო საკმაოდ კარგად გაიყიდა, მათ შორის უცხოელებშიც.
ახლა ლალი აქტიურად იწყებს სამეწარმეო საქმიანობას. პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ტრენინგებმა მას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება შესძინა: ისწავლა პროექტისა და ბიზნეს გეგმის შედგენა და საქმის ობიექტურად შეფასება. ახლა ლალი მზად არის წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური და ძლიერი ქალის არსებობა თემში. „ჩემს თემში, ვინაიდან კაცები ძირითადად უმუშევრები არიან, ქალები ზრუნავენ ოჯახის მოვლა-პატრონობაზე. ამიტომ, როცა ქალი ძლიერია ეს ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს ოჯახსა და თემზე“.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოთლში ჩამოსხმული ღვინოს გამოფენაზე გატანამ კარგი შედეგი გამოიღო, ლალიმ გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელებას და სხვადასხვა მაღაზიასა და სარესტორნო დაწესებულებებთან თანამშრომლობას.
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.