სახელი : თაფლი კოლხური

კოოპერატივი „თაფლი კოლხური“ „კოოპერატივების ფონდი“-ს ახალი წევრია, რომელიც 2015 წლიდან მისდევს მეფუტკრეობას სოფელ დიდინეძში, ზუგდიდი. კოოპერატივი შედგება 11 ფერმერისგან, მათ შორის 4 ქალია.

ამჟამად კოოპერატივის წევრები 1000-მდე ფუტკრის ოჯახს უვლის. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივის წევრებს ისინი განაწილებული ჰყავთ საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში: რუხი და შამგონა. ასევე, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუბერში.

კოოპერატივის წევრები ფუტკრისგან აწარმოებენ ნატურალურ, ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქტებს: თაფლი, ფუტკრის სადედე რძე, ჭეო, ფუტკრის შხამი, დიდნდგელი. მათ მიერ წარმოებული პროდუქტები ძალიან სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კოოპერატივი თაფლი კოლხური „კოოპერატივის ფონდს“  2019 წლის ბოლოს შემოუერთდა და მიღებული დაფინანსებით ფუტკრის რძის წარმოება და დედა ფუტკრების სელექციის მიმართულება გააფართოვა.

კოოპერატივ „თაფლი კოლხური“-ს წევრი მეფუტკრეები ორიენტირებულნი არიან განვითარებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე არსებულ დარგში. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, USAID-ის პროექტი ზრდა , UNDP-ის პროგრამები. ამასთან ერთად, კოოპერატივის 3 წევრს გავლილი აქვს მოდულური ტრენინგები მეფუტკრეობაში და მიღებული აქვთ ექსპერტ-მეფუტკრის სერტიფიკატი.

პროდუქტის პოპულარიზაციისა და უკეთ რეალიზაციის მიზნით, კოოპერატივის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებში. მათ სურთ, რომ თავიანთი ფუტკრისგან წარმოებული ნატურალური და გემრიელი პროდუქტი მთლიანად საქართველოს გააცნონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოოპერატივის წევრები ცდილობენ მეტი სარგებელი მოუტანონ თავიანთ თემსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, ისინი მონაწილეობას იღებენ საქველმოქმედო ღონისძიებებშიც.

მომავალში კოოპერატივს დიდი და საინტერესო გეგმები აქვს. სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, მისი წევრები მისწრაფიან უკეთესი და პოზიტიური ცვლილებებისკენ როგორც თავიანთი ოჯახებისთვის, ასევე თემის განვითარებისთვისაც.

 

 

 

 

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივები