ქეას შესახებ
ქეა წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც 1945 წელს დაარსდა და მსოფლიოს 95 ქვეყანაში მუშაობს სიღარიბესთან საბრძოლველად, განსაკუთრებული ფოკუსით ქალებსა და გოგონებზე. სამხრეთ კავკასიაში მუშაობა ქეამ 1988 წელს დაიწყო. 2004 წლიდან მოყოლებული ქეა მუშაობს განვითარების პროგრამებზე სიღარიბესთან და სოციალურ უთანასწორობასთან საბრძოლველად, სოციალური მეწარმეების განვითარების, მოსახლეობის კერძო სექტორთან დაკავშირების საშუალებით. ამისთვის ქეა იყენებს ქვემოდან ზემოთ (მცირე ფერმერების მხარდაჭერა, საბაზრო კავშირების შექმნა) და ზემოდან ქვემოთ მიდგომებს (ფინანსური შუამავლები, თუ დიდი კომპანიები). სოფლის მეურნეობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში ქეას მუშაობის მთავარი მიმართულებაა.
ქეას მიაჩნია, რომ წარმატებული და მდგრადი განვითარების მოდელი დამოკიდებულია ადგილობრივი სოციალური მეწარმეობის აღორძინებაზე, რომელიც წარმოშობს ახალ იდეებს ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კუთხით უსამართლო სოციალური ბალანსის წინააღმდეგ, რაც მარგინალიზაციას, გამოყოფასა და ზიანის მიყენებას იწვევს. სოციალური მეწარმეობის პროგრამა დაფუძნებულია ქეას კვლევაზე სამხრეთ კავკასიაში სოციალური უთანასწორობის შესახებ და წარმოგვიდგენს განვითარების მოდელს, რომელიც ეყრდნობა ხალხის უნარს გააუმჯობესონ თავიანთი თემის მდგომარეობა.
კოოპერატივების ფონდი
„კოოპერატივების განვითარების ფონდი“ დაარსდა 2017 წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია “ქეას” მიერ ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბაზაზე. მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ბიზნესის განვითარებაში, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდით. დღევანდელი კონკურენტუნარიანი გარემო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მდგრად განვითარებას ბევრ სიძნელეს უქმნის. ერთ-ერთი მათგანია შეზღუდული წვდომა ფინანსურ რესურსებზე. კოოპერატივების ფონდის შექმნის ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შეამცირებს კოოპერატივების დამოკიდებულებას დაფინანსების გარე წყაროებზე და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. ფონდი არაკომერციული, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც გასცემს სესხებს წევრ კოოპერატივებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით და მორგებული გადახდის გრაფიკებით, როგორც აქტივებისთვის ასევე საბრუნავი საშუალებებისათვის. ფონდი მის წევრებს ასევე სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას და საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებას. განსხვავებით ტიპიური საფინანსო ინსტიტუციებისაგან, ფონდი ორიენტირებულია არა მოგებაზე, არამედ წევრი კოოპერატივების ფინანსური კეთილდღეობის ზრდაზე. მოდელის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ფონდის ბიუჯეტში შემოსული თითოეული ლარი ერთჯერადად კი არ გამოიყენება, არამედ მუდმ ბრუნვაშია და მრავალჯერადად გამოიყენება წევრი კოოპერატივების განვითარებისთვის.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით
2019 წლის 1 მაისიდან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაიწყო 26-თვიანი პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით", რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.
პროექტის განხორციელების არეალი მოიცავს კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტს. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, მათი გააქტიურება და გაძლიერება.