ნანა ხელაძე მეწარმე ქალია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან. ის საკუთარ საცხობს ფლობს და აქტიურად არის ჩართული მცირე ბიზნესის განვითარებაში. ვინაიდან ცომის საზელი აღჭურვილობა არ ჰქონდა, ნანას ხელით უწევდა მუშაობა, რასაც საკმაოდ დიდ შრომასა და დროს ანდომებდა.
საქმის უკეთ წარმოებისთვის, ნანამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ცომის საზელი აპარატი შეიძინა. ჩვეულებრივ, ნანა დაახლოებით 700 ცალ პურს სთავაზობს ადგილობრივ მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ნანა გამოცდილია ამ სფეროში და მისი პურებიც ძალიან გემრიელია.
მომავალში ნანას დიდი გეგმები აქვს. ვინაიდან მცირეწლოვანი შვილის დედაა, ამჟამად ვერ ახერხებს წარმოების გაფართოვებას, თუმცა მოგვიანებით ფენოვან ცომზე დამზადებულ პურ-ფუნთუშეულობას გაუწევს რეალიზაციას. გარდა ამისა, თავისი ბრენდის შექმნაზეც ფიქრობს და სხვადასხვა მაღაზიებთან თანამშრომლობას.
იმისათვის, რომ ნანამ მომავლის გეგმები წარმატებით განახორციელოს სჭირდება ცომის სხვა საზელი მანქანა და სწრაფი ყინვის მაცივარი ფენოვანი ცომის გასაყინად. ამ ყველაფრის შემდგომ, ნანა შეძლებს ბიზნესის განვითარებას და საკუთარი პროდუქციის დისტრიბუციას სხვადასხვა დაწესებულებაში.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).
ქალთა ინიციატივები
პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.