26 03 2021

ქალები ქალების მხარდასაჭერად - მზექალას ისტორია

მზექალა სურმანიძე, მეწარმე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისი.

„სოფელი ხერთვისი ტურისტულ ზონაში მდებარეობს, თუმცა აქაური მოსახლეობა ამ კუთხით ნაკლებადაა დაინტერესებული. მათი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა და ოჯახების მოვლაა. თუმცა, მე ყოველთვის მინდოდა, აქტიური ცხოვრება მქონოდა, საკუთარი ბიზნესი დამეწყო და ჩემი თემის სხვა ქალებსაც დავხმარებოდი.

ჩვენს სოფელში ქალთა განვითარების ხელშემწყობი პროექტები ნაკლებად ხორციელდება, ამიტომ როცა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს ახალი ინიციატივის შესახებ შევიტყვე, მაშინვე დავინტერესდი. იმედი გამიჩნდა, რომ ჩემი თემის ქალები გაძლიერდებოდნენ როგორც პიროვნულად, ისე ეკონომიკურადაც.

ხერთვისელი ქალების გაერთიანება თავდაპირველად რთული აღმოჩნდა.  ვცდილობდი, პროექტის უპირატესობები და მისი სასარგებლო შედეგები თითოეულისთვის კარგად ამეხსნა. ქალთა ჩართულობაზე უარყოფითად აისახებოდა კაცების განწყობაც, რომლებიც პროექტს უიმედოდ უყურებდნენ და მონაწილეობის უფლებას არც ქალებს აძლევდნენ. დიდი შრომის შედეგად, საბოლოოდ 6 ქალი მაინც შევიკრიბეთ და ინიციატივაში  ჩავერთეთ. მოგვიანებით სათემო მუშაკის დამხმარეც გავხდი და მაქსიმალურად შევეცადე,  ჩემი თემის ქალები უფრო აქტიურები და წარმატებულები გამხდარიყვნენ.

პროექტის საგრანტო კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. მიღებული თანხით 25 კურდღელი შევიძინე და საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. ახლა უკვე 70 კურდღელი მყავს, რომლებზეც ძალიან ვზრუნავ. კურდღლები ბუნებრივ კვებაზე მყავს, ამიტომ მათზე მოთხოვნა დიდია. რესტორნებთან მინდოდა თანამშრომლობა, მაგრამ პანდემიამ ხელი შემიშალა. თუმცა, COVID-19-ის მიუხედავად, კურდღლების გაყიდვას მაინც ვახერხებ და რაიონში მცხოვრებ მომხმარებლებს უფასო მიტანის სერვისსაც ვთავაზობ.

პროექტმა სოფელში პოზიტიური ცვლილებები მოიტანა. მისი მონაწილე ქალები გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ და მეტად თავდაჯერებულები გახდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი წარმატება სხვა ქალებისთვის სამაგალითო აღმოჩნდა. გარდა ამისა, კაცების დამოკიდებულებაც უკეთესობისკენ შეიცვალა. ბედნიერი ვარ, როცა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები და ჩვენს შეხედულებებს თამამად გამოვხატავთ.

საქმიანობის განვითარებაზე სულ ვფიქრობ. რამდენიმე რესტორნის წარმომადგენლისგან უკვე მაქვს შემოთავაზება და მათთან თანამშრომლობასაც ვგეგმავ. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, სხვა ქალების დახმარებაც მინდა. ვაპირებ, რამდენიმე კურდღელი გავაჩუქო, რათა ეს ბიზნესი მათაც დაიწყონ და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ“.

პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.