„უკვე 28 წელია, რაც ოჯახთან ერთად ხაიშში, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ვცხოვრობ. ძირითადად სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე 10 ძროხა მყავს და ჩემი ძირითადი საქმიანობა რძის პროდუქტების, კერძოდ კი სულგუნის წარმოება-რეალიზაციაა.
საქმიანობის გაფართოების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს ახალ ინიციატივაში მივიღე მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ყველისთვის რძის საწველი აპარატი და მაცივარი შევიძინე. პროექტის დახმარებით, შრომა ბევრად გამიმარტივდა. წარმოებულ სულგუნებს მაცივარში ვინახავ და ჩემთვის მომგებიან დროს ვყიდი. მანამდე სულგუნი რომ არ გაფუჭებულიყო, ზოგჯერ მისი რეალიზაცია მინიმალურ ფასად მიწევდა. ახლა ეს პრობლემა აღარ მაქვს. დისტრიბუციის საშუალებით ჩემი სულგუნი თბილისის რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.
ზოგადად, ოჯახისა თუ თემის კეთილდღეობასა და განვითარებაში ქალს ძალიან დიდი როლი აქვს. მაგალითად, პანდემიის დროს ჩემი საქმიანობა და შემოსავალი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საერთოდ, პროექტის ფარგლებში, ძალიან განვვითარდი როგორც ეკონომიკურად, ისე პიროვნულად. უამრავი სასარგებლო და საინტერესო ტრენინგი გავიარე და თუ ადრე მორიდებული ვიყავი, ახლა თავდაჯერებული გავხდი და ჩემი შეხედულებების გაზიარება თამამად შემიძლია. სხვა ქალებსაც ყოველთვის მოვუწოდებ ხოლმე, რომ გააქტიურდნენ, ბევრ ასეთ პროექტში მიიღონ მონაწილეობა და სხვებსაც დაეხმარონ. ბედნიერი ვარ, რომ მე და პროექტის მონაწილე დანარჩენმა ქალებმა სოფელში მცხოვრებ ქალებსაც დიდი მოტივაცია მივეცით. ახლა მათაც გაუჩნდათ სურვილი, რომ გაძლიერდნენ და წარმატებულები იყვნენ.
მომავალში ბიზნესის გაფართოებასა და რძის რეალიზაციას ვგეგმავ. საჭირო სივრცე მაქვს, მხოლოდ გარემონტება და შესაბამისად აღჭურვა მჭირდება. მინდა, ჩემი ბრენდი შევქმნა, ყველის ლიცენზირებული მწარმოებელი გავხდე და თუ ბიზნესი წარმატებით განვითარდება, ჩემი სულგუნი ექსპორტზეც გავიტანო.“
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
მეწარმე ქალებისთვის გამოფენა მოეწყო