29 12 2020

სოფლად მცხოვრები ქალები მისაბაძ მაგალითებს ქმნიან - ნანას ისტორია.

ნანა ხელაძე, მეწარმე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირი.

“4 წლის წინ დავქორწინდი და საცხოვრებლად სვირში გადმოვედი. რადგან თბილისში ყოფნისას ცხობის სფეროში ვმუშაობდი, გადავწყვიტე, ეს საქმიანობა აქაც გამეგრძელებინა და საკუთარი საცხობი გამეხსნა. მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ქალების უმეტესობა სოფლის მეურნეობას მისდევს და ოჯახისთვის პურის გამოცხობის დრო არ აქვს. პურის საჭიროება რომ დავინახე, განაცხადი „აწარმოე საქართველოში“ შევიტანე, დავფინანსდი და საცხობი გავხსენი.

ჩემს გამომცხვარ პურზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა და მეც ბიზნესის განვითარებაზე დავიწყე ზრუნვა. თუმცა, ცომსაზელი  გამიფუჭდა, ხელით მუშაობა კი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. მალევე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ტასოს ფონდის ახალ ინიციატივაში მივიღე მონაწილეობა და მიღებული გრანტით ცომსაზელი დანადგარი შევიძინე, რომელმაც შრომაც გამიმარტივა და პურის ხარისხიც აამაღლა. ჩემთვის მომხმარებლის კმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მას  ახალი, გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზო. ამჟამად პურით სამი სოფლის მაცხოვრებლებს ვამარაგებ.

ჩემი მაგალითით სხვა ქალებმაც დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და გააქტიურება. პროექტში მონაწილეობა თავადაც მიიღეს, დაფინანსდნენ და მცირე ბიზნესები წამოიწყეს. შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან და ახლა ამ ინიციატივებით უკვე სხვა სოფლის ქალებიც დაინტერესდნენ. მიხარია, რომ  მათი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა, მეტად თავდაჯერებულები და მოტივირებულები გახდნენ, გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც იღებენ მონაწილეობას და მომავალსაც იმედიანად უყურებენ.

საცხობის ბიზნესის განვითარებას კვლავაც ვგეგმავ. პანდემიის გათვალისწინებით, მინდა, ჩემს საქმიანობას დისტრიბუციის სერვისი დავამატო. მიხარია, რომ არსებობს ისეთი პროექტები, რომლებიც სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს“.

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.