ლეილა ბალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდანაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი თელავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა, მერე კი რუისპირში დაბრუნდა და ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავდა.
თელავის მუნიციპალიტეტი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, რომელთა დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის. ლეილას ყოველთვის სურდა, იქაურებს ენის შესწავლაში, ცოდნის გაღრმავებასა და შესაძლებლობების რეალიზებაში დახმარებოდა. „ეთნიკური უმცირესობების ჯგუფთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ენობრივი ბარიერი მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ავუხსნა, რატომაა აუცილებელი სახელმწიფო ენის ცოდნა“, - ამბობს ლეილა, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობის პერიოდში პატარებს ქართულსაც ასწავლიდა.
საკუთარი მეურნეობის განვითარებაში ლეილას გაეროს ქალთა ორგანიზაციის და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ინიციატივა დაეხმარა. მან სარწყავი სისტემის მოწესრიგება შეძლო და საქმიანობა კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელა. ლეილა ორგანული კულტურის მოყვანაზეა ორიენტირებული და ძალიან უნდა, თავისი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. „მინდა, ისეთი კულტურები მქონდეს, რომ სხვები, განსაკუთრებით კი ქალაქის მოსახლეობა, სოფლის მეურნეობით დავაინტერესო. ვგეგმავ, სკოლისა და ბაღის წარმომადგენლებს ბავშვებისა და მოზარდების სტუმრობა შევთავაზო, რომლებსაც ყველაფერს ვასწავლი“, - აღნიშნავს ლეილა.
ამჟამად მას სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავს: კარტოფილი, კიტრი, პამიდორი, მწვანილი, ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, ჯინჯერი და სხვა. მოსავალს კი თელავის აგრარულ ბაზარში ყიდის. ლეილას პროდუქცია ნატურალური და სასარგებლოა. მომხმარებელიც მისი მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილია.
სამომავლოდ ლეილა საქმიანობის დაწყებას მეცხოველეობის კუთხითაც აპირებს. ამბობს, რომ აუცილებლად გააგრძელებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც, რათა ადგილობრივებს განვითარების მეტი სტიმული ჰქონდეთ.
პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.
მეწარმე ქალებისთვის გამოფენა მოეწყო