01 12 2020

ქალები ოჯახების გაძლიერებისთვის - ანას ისტორია

ანა კილასონიძე ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედაა, რომელიც ლაგოდეხის სოფელ კართუბანში ცხოვრობს. სოფელში ორი ბაღია, სადაც მუდმივად ტარდება ზეიმები და შესაბამისად, საკარნავალო ფორმებზე დიდი მოთხოვნაა. ვინაიდან სოფელში არ არსებობდა შესაბამისი მომსახურება, ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქ ლაგოდეხში მიდიოდნენ საზეიმო კაბების და აქსესუარების შესაძინად. ანა დიდი ხანია დაინტერესებულია სხვადასხვა აქსესუარის და საკარნავალო ტანსაცმლის დამზადებით და ყოველთვის სურდა ამ საქმის დაწყება, თუმცა ამისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

სამკერვალოს გახსნის მიზნის, ანამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. „პროექტმა ძალიან დამაინტერესა და აქტიურად ჩავერთე მიმდინარე პროცესებში, ვესწრებოდი შეხვედრებს და ვითვალისწინებდი პროექტის გუნდის რჩევებს“. პროექტის დახმარებით, ანამ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ორი საკერავი მანქანა შეიძინა, ასევე სხვა წვრილმანი მასალები. ამასთან ერთად, დამატებით თავისი თანხებიც გამოყო და ახლა აქტიურად მისდევს სამკერვალო საქმიანობას. უკვე მომხმარებლებიც ჰყავს და თანდათან გაფართოვებაზეც ფიქრობს. ანა ყოველდღე ზრუნავს თავისი პროდუქციის ხარისის ზრდაზე და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამაჯურები, ყელსაბამები და საყურეები; თმის აქსესუარები; ლამაზად გაფორმებული კაბები და ა.შ.

საბოლოოდ, ანა ძალიან კმაყოფილია პროექტით და თვლის რომ ბევრი ასეთი ინიციატივა უნდა განხორციელდეს სოფლებში, რათა ქალები გააქტიურდნენ და გაძლიერდნენ: „სამწუხაროდ, სოფლებში ქალი უიმედოდ არის. ვთვლი რომ, რაც უფრო მეტი ქალთა ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება, მით უფრო განვითარდება სოფელი“.

მომავალში ანა, შვილების გაზრდასთან ერთად, ცალკე შენობაში აპირებს სამკერვალო საწარმოს გახსნას  და სხვა ქალებსაც დაასაქმებს. ვინაიდან მისი ამჟამინდელი საქმიანობა ძირითადად აქსესუარებს მოიცავს, მომავალში ანას სურს რომ უფრო მეტი დრო დაუთმოს საკარნავალო კაბებისა და ფორმების დიზაინს. ახლა უკვე მომავალს დიდი იმედით უყურებს.

 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).