„ქალების გაძლიერების იდეა ძალიან კარგია სოფლის განვითარებისთვის - ახლა პანკისში ბევრად აქტიური და ძლიერი ქალები ცხოვრობენ“.
დიანა იმედაშვილი აქტიური მეწარმე ქალია პანკისის სოფელ ბირკიანიდან, რომელიც უკვე ერთი წელია კაფეს ბიზნესშია ჩართული და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, როგორც ტურისტები ისე ადგილობრივი მოსახლეობა. ვინაიდან მას შენობა ჰქონდა, თუმცა შესაბამისი ინვენტარი არა, გადაწყვიტა „აწარმოე საქართველოში“ -ში მიეღო მონაწილეობა, რის შედეგადაც გახსნა შესაბამისად აღჭურვილი კაფე. დიანა ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე და თვლის, რომ ეს არა მხოლოდ თავისი კაფეს სახელზე, არამედ პანკისზეც პოზიტიურად აისახება.
საკუთარი ბიზნესის წარმოება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ქალებისთვის. ამ მხრივ გამონაკლისი არც დიანა იყო: „განვითარების პროცესში არაერთი სირთულე შემხვდა. განსაკუთრებით გამიჭირდა შესაბამისი საბუთების მოწესრიგება, ვინაიდან ამის პრაქტიკა არასდროს მქონდა. ასევე, დასაწყისისთვის ძალიან რთული იყო ჩემი კაფეს პოპულარიზება, რაც დროში ძალიან გამეწელა“. ბიზნესის წარმოების პროცესში ბევრი შეცდომა დაუშვა დიანამ, თუმცა როგორც თვითონ ამბობს შეცდომებისგან ბევრი რამ ისწავლა.
დიანას საკუთარი ბიზნესისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ძალიან დაეხმარა პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, დიანამ საცხობი დაამატა კაფეს, რაც მის შესაძლებლობებს უფრო მეტად გაზრდის მომავალში.
თავდაპირველად, როდესაც პროექტის ფარგლებში ქალთა ჯგუფი შეიქმნა, შეხვედრების ადგილის პრობლემა იყო ბირკიანში. სწორედ ამიტომ, დიანამ გადაწყვიტა საკუთარი კაფეს დარბაზი დაეთმო ქალებისთვის. „ვიცოდი რომ ძალიან კარგი პროექტი იყო სოფლისთვისაც და სოფლად მაცხოვრებლებისთვისაც. ყოველ შეკრებას აღტაცებით ველოდებოდი და ძალიან მიხაროდა, რომ ყოველი შეხვედრის ბოლოს ქალები კმაყოფილები მიდიოდნენ“.
მიუხედავად იმისა, რომ დიანა ერთი წელია რაც ბიზნესშია ჩართული, ბევრი რამ არ იცოდა ეფექტური წარმოების შესახებ, პროექტში მონაწილეობამ კი დიდი გამოცდილება მისცა მას. „პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ტრენინგებმა ბევრ რამეზე ამიხილა თვალი: გავერკვიე ჩემს უფლებებსა და ვალდებულებებში, ვისწავლე პროექტის წერა, წინასწარ გამოთვლები. პროექტმა მართლაც დიდი მოტივაცია მოგვცა მე და ზოგადად პანკისელ ქალებს. დავიწყეთ ფიქრი და მივხვდით, რომ უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია“.
ამჟამად დიანა ბუღალტერიის სტაჟირებას გადის, პროექტის ფარგლებში, რაც მას ძალიან ეხმარება ბიზნესის წარმოებაში. ნელ-ნელა საბუთებიც მოაწესრიგა და ახლა უკვე წარმატებული მეწარმეა პანკისის ხეობაში.
„ძლიერი ქალი ყოველთვის გამოადგება საკუთარ თემსა და ოჯახს. ქალს აქვს უნარი ერთდროულად რამდენიმე საქმე გააკეთოს - ოჯახსაც მოუაროს და საკუთარი საქმითაც დაკავდეს“. მომავალში, დიანა უფრო ძლიერ და აქტიურ ქალად ხედავს საკუთარ თავს. ის არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას და სურს უფრო მეტი რამ ისწავლოს. აქვს მომავლის გეგმებიც და დიდი იმედებიც.
მეწარმე ქალებისთვის გამოფენა მოეწყო