ნოყიერი ნიადაგი ქვეყნის უპირველესი და შეუცვლელი სიმდიდრეა, რადგან სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას უმთავრესად ნიადაგის ნაყოფიერება განსაზღვრავს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე რაიონებში სოფლის მეურნეობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძირითად საარსებო წყაროდ რჩება, სადაც ფერმერებს მოჰყავთ ბოსტნეული, მარცვლეული და ეწევიან მესაქონლეობას.
მესაქონლეები ბოლო წლების მანძილზე ბუნებრივი საძოვრების დეფიციტს განიცდიან. ამის მიზეზი ძირითადად საძოვრების ეროზია და დეგრადაციაა, რასაც დასარევლიანება, ჭარბი ძოვება და ზოგ შემთხვევაში სათიბ-საძოვრებისთვის მიწათსარგებლობის კატეგორიის შეცვლა იწვევს. ხშირად, ფერმერებს არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა საძოვრების მართვისა და მოვლის შესახებ. საძოვრების ინტენსიური, არასწორი ექსპლუატაცია კი მათ გაუდაბნოებას და ბუნებრივი მცენარეული საფარის გაღარიბებას იწვევს. ტრადიციული ძოვების ტექნიკა უარყოფითად მოქმედებს საქონლის პროდუქტიულობაზე მწვანე ბალახის, ასევე თივის კვებითი ღირებულების ნაკლბობის გამო. ამავე დროს, ზრდის საძოვრებზე პირუტყვის გადაადგილების დროს, ფართობებს და ძალიხმევას.
ფერმერები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას გაუმჯობესების მეთოდების შესახებ. ამ პრობლემის მოგვარების სწორი გზა ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ზედაპირული და ძირეული გაუმჯობესების მეთოდების დანერგვაა. ინტენსიური ძოვებისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად აუცილებელია საძოვრების მდგრადი მართვა. ეკოლოგიური და ფინანსური თვალსაზრისით მეტად მომგებიანია საძოვრების გაუმჯობესება ზედაპირული ღონისძიებებით, რაც მოიცავს: ქვისა და ნაგვის მოგროვებას, ბუჩქნარისა და სარეველა მასივების განადგურბას, დაჭაობებული ადგილების დაშრობას, მოშიშვლებული ადგილების დაბარვას, ნიადაგის განოყიერებას, ბალახის ნარევის დათესვას, მოსწორებას და ორი სეზონის განმავლობაში გასაუმჯობესებულ ადგილზე საქონლის ძოვების შეზღუდვას.
ბუნებრივი საძოვრების დეგრადაციის შეჩერების და დადებითი მიმართულებით წარმართვის მიზნით 2023 წლის გაზაფხულზე პროექტმა „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამ“(CDI-7) ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სამ ჰექტარზე ბუნებრივი საძოვრის ზედაპირული გაუმჯობესების ტექნოლოგიის დანერგვა დააფინანსა. ტერიტორია გაიწმინდა ქვისგან, ბუჩქებისა და სარეველა ბალახისგან, ნიადაგი გამდიდრდა ბუნებრივი სასუქით, დაითესა ხუთკომპონენტიანი ბალახის ნარევი - თეთრი სამყურა, წითელი სამყურა, თივაქასრა, ტიმოთელა და იონჯა, რომელიც გაჯერებულია პროტეინით და სასარგებლოა როგორც ნიადაგისთვის, ისევე პირუტყვისთვის.
მარტივი და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების პოპულარიზაციის, დაგროვილი გამოცდილების გაზიარების, ხარისხის კონტროლის და შემოსავლის გამომუშავების გაუმჯობესების მიზნით CDI-7-მა მაისში პირველი გაცვლითი ვიზიტი ახალციხის მუნიციპალიტეტში განახორციელა. 15 ფერმერი სოფლებიდან ირაგა, ივანოვკა, რეხა, სამადლო, მინაძე და წყრუთი ეწვივნენ გაუმჯობესებულ ბუნებრივი სათიბ-საძოვრის ნაკვეთს, რომელიც განლაგებულია დაუმუშავებელი ტერიტორიის გვერდით, რამაც ფერმერებს საშუალება მისცა საკუთარი თვალით დაენახათ განსხვავება. ამავდროულად, აგროექსპერტებმა ფერმერებს გაუზიარეს ცოდნა გამდიდრებული თივის სარგებლიანობის შესახებ - პირუტყვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების კუთხით.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“.