წალკის მუნიციპალიტეტში, ულამაზესი ბუნებით გარემოცულ ფერდობზე პატარა და კოხტა სოფელი არწივანი მდებარეობს. სოფელში დაახლოებით 100 კომლი ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობს. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა.
არწივანში მდინარე კორსუ მოედინება, რომელსაც გაზაფხულზე თოვლის დნობისა და უხვი ნალექის პერიოდში აბობოქრება სჩვევია. წყალდიდობისგან დასაცავად საბჭოთა პერიოდში ნაპირსამაგრი გაბიონი ააგეს და მას შემდეგ გაბიონს კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებია. გაბიონი წლების განმავლობაში დაზიანდა, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა ჯებირების გამაგრებას, თუმცა ფუნდამენტალურ სამუშაოებს დიდი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა და საბოლოოდ გაბიონმა დამცავი ფუნქცია დაკარგა.
2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სოფლის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით სახნავ-სათეს მიწებთან და საძოვრებთან დამაკავშირებელ გზა. მოსახლოებას შეეზღუდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და პირუტყვის გადაადგილების შესაძლებლობა, შედეგად კი მათ საარსებო წყაროს საფრთხე დაემუქრა.
„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამ“ ინფრასტრუქტურის გრანტის ფარგლებში სოფელ არწივანის სათემო ორგანიზაციას გაბიონის რეაბილიტაციის პროექტი დაუფინანსა.
სათემო ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფართომასშტაბიანი გაბიონის გამაგრების პროექტი 2022 წლის შემოდგომაზე განახორციელეს. მათ 46 მეტრი სიგრძის და 2,5 მეტრი სიმაღლის კედელი აღადგინეს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღდგა სავალი გზის დაზიანებული ნაწილიც და მოსახლეობას 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მარტივი და უსაფრთხო წვდომა დაუბრუნდა.
„სამუშაოებში მთელი სოფელი აქტიურად იყო ჩართული. მოსახლეობას ახლა უკვე შეუძლია სრულიად უსაფრთხოდ გადაადგილდეს, გაუშვას პირუტყვი საბალახოდ და მიიღოს გაზრდილი ეკონომიკური სარგებელი. ეს ჩვენი სოფლისთვის უდიდესი შვებაა, ამ სიკეთით კი სოფლის მოსახლეობის ყველა წარმომადგენელი ისარგებლებს“ - განაცხადა სათემო ორგანიზაციის წევრმა ოთარ შაინიძემ.
არწივანის გაბიონის გამაგრების წარმატების ისტორია ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივით დაასუფთავეს მდინარის ნაპირი და ახლომდებარე ტერიტორია შლამისა და ნაგვის ნარჩენებისგან.
ამასთან, სკოლის ეკო-კლუბის „მწვანეების“ მიერ წარმოდგენილი იქნა გარემოსდაცვითი ინიციატივა „არწივანის პირველი მწვანე ნაბიჯები“. პროქტის ფარგლებში 2023 წლის შემოდგომაზე ახალგაზრდები შეკერავენ მრავალჯერადი მოხმარების ნაჭრის ჩანთებს, რომელსაც დაურიგებენ ადგილობრივ მოსახლეობას და პოპულარიზაციას გაუწევენ მათ მოხმარებას გარემოსთვის საზიანო პოლიეთილენის პარკების შემცირების მიზნით. მსგავსი პროექტები ადამიანებს ახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სიკეთე გადამდებია და უკეთესი მომავლის უზრნველყოფა მათ ხელშია.
სოფელი არწივანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სოფლის მოსახლეობა და სათემო ორგანიზაცია გაერთიანდნენ გრძელვადიანი და დადებითი ცვლილებების დასანერგად.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“.