საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი ხათუნა მღებრიშვილი პანდემიის პერიოდში, ხელნაკეთი სათამაშოების დამზადებით დაინტერესდა. მაშინ, როდესაც გადაადგილება შეიზღუდა, ადამიანები სამსახურებში ვერ დადიოდნენ, ხათუნამ იმაზე ფიქრი დაიწყო რა ახალი საქმინობა მოეძებნა, რაც მის პროფესიულ განვითარებასაც შეუწყობდა ხელს და ოჯახისთვისაც დამატებით შემოსავლის წყაროდაც იქცეოდა.
ვინაიდან ქსოვა ბავშვობიდან ეხერხებოდა, თავდაპირველად ბავშვებისთვის ფაჩუჩების მოქსოვა დაიწყო, ფაჩუჩებიდან სათამაშოების დამზადებაზე გადაერთო, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ხელნაკეთი ნაქსოვი სათამაშოები ბუნებრივი ძაფებისგან იქმნება, უვნებელი და რეცხვადია. დროთა განმავლობაში ხათუნამ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე დაიწყო ფიქრი. განსხვავებული, ფუმფულა ძაფი შეიძინა და ამჯერად საბავშვო ხალიჩების დამზადება დაიწყო. ხალიჩა ლამაზთან ერთად რბილიცაა და სათამაშო ფუნქციაც აქვს, რამაც ბავშვებში და მათ მშობლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ხათუნა ბავშვების განვითარების ხელშეყობის გზებზე მუდმივად ფიქრობს. შემდეგი მისი პროექტიც ბავშვებზეა მორგებული, მან თექისგან შემეცნებით-საგანმანათლებლო წიგნების დამზადება დაიწყო. პირველი, საცდელი ვარიანტი სახალისო და სამხიარულო თემატიკით დატვირთა, მომდევნო წიგნი კი უფრო ფუნქციური გახადა. თექის წიგნი 3-დან 6 წლამდე პატარებს მოტორიკული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რაც ელვის, ღილისა თუ თასმის შეკვრას, თმის დაწნას, საათის ცნობას, გეოგრაფიული ფიგურების დასახელებას, ფერებსა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ასწავლის. თექის წიგნის მიზანი ბაღის აღსაზრდელთა სასკოლოდ მოამზადება და მათთვის დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხელშეწყობაა.
ხათუნა ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს, მშობლის სურვილიდან გამომდინარე, ბავშვისთვის სახელობითი ხელნაკეთი ნივთების დამზადება შეუძლია. მომხმარებელი ძირითადად Facebook გვერდის მეშვეობით უკავშირდება, თუმცა შეკვეთის მიცემა ტელეფონითაც არის შესაძლებელი +995595091014.
მცირე ბიზნესები