30 11 2020

სოფელში მცხოვრები ქალები ოჯახებისა და თემის კეთილდღეობისთვის - ხანიფას ისტორია

"ყოველთვის მქონდა სურვილი, განვვითარებულიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია, რათა შემდეგ ჩემს თემსაც დავხმარებოდი. შიში, რომ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევდი, გადაწყვეტილების მიღებაში თავდაპირველად ძალიან მაბრკოლებდა, თუმცა მეუღლე და ოჯახი გვერდით დამიდგნენ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა მაქვს ჩემი საქმე, აქტიურად ვზრუნავ თემის კეთილდღეობაზე და ვცდილობ, დამატებით სხვადასხვა აქტივობაშიმივიღო მონაწილეობა.

2019 წლის ივნისიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს ინიციატივაში ჩავერთე და მარნეულის ორი სოფლის სათემო მუშაკი გავხდი.  

ამას გარდა, მონაწილეობა მივიღე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსშიც და მეზობელ ქალებთან ერთად,  გავხსენი საცხობი, სადაც აზერბაიჯანულ ლავაშს ვაცხობთ, შემდეგ კი ხულდარასა და მიმდებარე სოფლებში ვყიდით. ბიზნესის მართვა არც ისე რთული აღმოჩნდა, შესაძლო რისკები კარგად გავთვალეთ და ორი ადგილობრივი ქალიც დავასაქმეთ.

ვფიქრობ, ქალს დამოუკიდებლობა და საკუთარი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ეს არა მარტო ქალის, არამედ ოჯახისა და თემის სიძლიერესაც განაპირობებს.

სამომავლოდ მე და ჩემ პარტნიორ ქალებს წარმოების განვითარება და მარნეულის რესტორნებსა და მაღაზიებთან თანამშრომლობა გვსურს. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დამატებით 2-3 ადგილობრივი ქალის დასაქმებასაც ვაპირებთ.

პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.