07 03 2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამკერვალო საწარმოსთვის ტრანსპორტირება უზრუნველყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა"   ფარგლებში დაფინანსებულ  სამკერვალო საწარმო "გვირილაში" დასაქმებული ქალბატონების ტრანსპორტირება საკუთარ თავზე აიღო.

რეგიონში არსებული სოციალური საწარმოების გამართული მუშაობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტრანსპორტირების საკითხზე. სოფლებში და რაიონებში ყოველდღიური გადაადგილება ადვილი არ არის. აქ დასაქმებულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს კი კერძო ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება არ გააჩნიათ.

სამტრედიაში სამკერვალო საწარმოში დასაქმებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალბატონებისთვის ტრანსპორტირება გადამწყვეტი იყო: მასალებისა და სხვადასხვა პროდუქციის გადატანა, ასევე ქალების ყოველდღიური გადაადგილება შესაბამისი ტრანსპორტის გარეშე შეუძლებელი იქნება. დღემდე, ამ საკითხს პროექტი უზრუნველყოფდა.

პროექტის დასრულების შემდეგ, კი ბენეფიციარი ქალების ტრანსპორტირებაზე უკვე სამტრედიის მერიამ დაიწყო ზრუნვა. ეს კი სოციალური საწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს, შესაბამისად ქალბატონებს საშუალება ექნებათ მშვიდად განაგრძონ საქმიანობა და საკუთარი შემოსავლის მიღება.

ქეა მადლობას უხდის სამტრედიის მერიას  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვისთვის. ქეას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პროექტისა და  მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო  მაგალითია.

 

პროექტი „საქართველოში მცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ხორციელდებოდა სამტრედიის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ, ქეა ჩეხეთთან ერთად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.