26 03 2021

მეწარმე ქალები წარმატების მაგალითებს ქმნიან - რიტას ისტორია

რიტა დალოღლალიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ყოველთვის სურდა მეტი ეცადა, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს ახალ ინიციატივაში დიდი ინტერესით ჩაერთო.

პროექტი თემში მცხოვრებ ქალებს სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობდა. თავად რიტამ მისი დახმარებით პატარა ტრაქტორი შეიძინა. „მიწის დამუშავება ძალიან დიდ ენერგიას და დროს მოითხოვდა. ერთდროულად ოჯახზე ზრუნვა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა რთული იყო. ამ პროექტმა შრომა გამიმარტივა და ოჯახისთვის დროც მეტი დამრჩა“, - ამბობს იგი.

რიტას სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული მოჰყავს, მათ შორის: ჭარხალი, კომბოსტო, კიტრი, ლობიო, კარტოფილი და სხვა. მისი პროდუქცია ნატურალურია და შესაბამისად ძალიან სასარგებლოც. „კარტოფილს ახალქალაქის ცენტრში ვყიდი და ხანდახან თბილისის ბაზარშიც მიმაქვს . მომხმარებლები ჩემი პროდუქციითა და მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილები არიან".

„ახლა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. პროექტის დახმარებით ჩემი თანა სოფლელი ქალებიც დაფინანსდნენ და მცირე ბიზნესი წამოიწყეს. ქალების წარმატება ჩვენი თემის სხვა წევრებისთვის სამაგალითო აღმოჩნდა. საზოგადოების სტერეოტიპული შეხედულებებიც ქალთა დამოუკიდებლობასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით ნელ ნელა იცვლება".

სამომავლოდ რიტა სერტიფიცირებული კარტოფილის თესლის შეძენასაც გეგმავს, რაც მას მოსავლიანობის გაზრდისა და მეურნეობის განვითარების საშუალებას მისცემს.

პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.