18 05 2020

სოფელში მცხოვრები ქალები ზრუნავენ ოჯახისა და თემის კეთილდღეობაზე კრიზისის დროს - მადინას ისტორია

მადინა ბაღაკაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს დედამთილთან, მამამთილთან და ორ შვილთან ერთად. ქმრის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა - ოჯახს ეკონომიკურად გაუჭირდა. ოჯახის დასახმარებლად, მადინამ გადაწყვიტა დამატებითი საქმე წამოეწყო. ჭრა-კერვა კარგად ეხერხებოდა და  ყოველთვის უნდოდა საკუთარი სამკერვალო გაეხსნა, თუმცა ამისათვის საჭირო რესურსები არ გააჩნდა.

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების და უკეთესი მომავლის იმედით, მადინამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, მადინამ საკერავი მანქანა, ქსოვილები და სხვა წვრილმანი მასალა შეიძინა. სწორედ ასე დაიწყო  თავისი პირველი სამკერვალო ბიზნესი/საქმე. „3-4 თვეა რაც დავიწყე ეს საქმე და შეკვეთებიც მქონდა. ფაქტობრივად, ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროც ეს გახლავთ“. მადინა  უმეტესად თეთრეულს კერავს, თუმცა შეუძლია სხვადასხვა ტანსაცმლის გადაკეთებაც. ყველაზე მეტად კი მადინა ბედნიერი იმით არის, რომ სახლიდან გამოვიდა და საკუთარი საქმიანობა წამოიწყო. ახლა ბევრად ძლიერი გახდა და აქტიურად ჩაერთო სოციალურ ცხოვრებაში.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების შემდეგ, მადინას ყოველდღიური საქმიანობა საგრძნობლად შეიცვალა. პანდემიისგან გამოწვეული ცვლილებები თელავსაც შეეხო, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოს. გაიზარდა მოთხოვნა პირბადეებზე და მადინამ მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების შეკერვა დაიწყო. პირბადეების დიდი შეკვეთა  სოფლის აფთიაქისგან მიიღო, სადაც ამ დრომდე უკვე 500 ცალი პირბადე აქვს ჩაბარებული. იმის გამო რომ მადინას საკმარისი რესურსი არ ჰქონდა, პირბადის შესაკერი მასალა აფთიაქმა გადასცა. თუმცა მადინას სურდა თავისი საქმიანობით დახმარებოდა სოფელს და ყველაზე საჭირო ნივთი გადაეცა.  „მინდოდა ჩემს მეზობლებს დავხმარებოდი ამ პანდემიის დროს და ჩემი შეკერილი პირბადეები მივეცი უფასოდ“. მადინამ საკუთარი ქსოვილით 40 ცალი მრავალჯერადი მოხმარების პირბადე შეკერა და ყარაჯალას თემის 10 ოჯახს დაურიგა უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა ჰიგიენური ნორმების და დისტანციის დაცვით.

ახლა მადინას  700 ცალი პირბადის შესაკერი მასალა აქვს მომარაგებული. ეშინია, რომ თუ პანდემია დიდხანს გაგრძელდა, მის საქმიანობას საფრთხე შეექმნება: „ფიზიკურად არსად იშოვება ქსოვილები, ამიტომ მარაგის ამოწურვის შემდეგ ვერაფერს შევკერავ. ერთადერთი, თუ აფთიაქი მომამარაგებს შესაბამისი მასალებით, მისთვის შემიძლია შევკერო“.

მიუხედავად ამისა, მადინა იმედს არ კარგავს. მომავალში, როდესაც სირთულეებს გადალახავს, დიდი გეგმები აქვს, ხელობას დახვეწავს და ბიზნესს განავითარებს. ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი ეცოდინება მით მეტის გაკეთებას შეძლებს ოჯახისთვის და თემისთვის. პროექტმა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოიტანა და მადინას სურს თავის თემში მცხოვრებ სხვა ქალებსაც გაუზიაროს.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

   

   

07 03 2018

ENPARD პროგრამის მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის შეჯამება

1 დეკემბერს გაიმართა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის შემაჯამებელი ღონისძიება