50 კოოპერატივი
100000 გრანტი
1300 ფერმერი

ქეას შესახებ

ქეა წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც  1945 წელს დაარსდა და მსოფლიოს 95 ქვეყანაში მუშაობს სიღარიბესთან საბრძოლველად, განსაკუთრებული ფოკუსით ქალებსა და გოგონებზე. სამხრეთ კავკასიაში მუშაობა ქეამ 1988 წელს დაიწყო. 2004 წლიდან მოყოლებული ქეა მუშაობს განვითარების პროგრამებზე სიღარიბესთან და სოციალურ უთანასწორობასთან საბრძოლველად, სოციალური მეწარმეების განვითარების, მოსახლეობის კერძო სექტორთან დაკავშირების საშუალებით. ამისთვის ქეა იყენებს ქვემოდან ზემოთ  (მცირე ფერმერების მხარდაჭერა, საბაზრო კავშირების შექმნა) და ზემოდან ქვემოთ მიდგომებს (ფინანსური შუამავლები, თუ დიდი კომპანიები). სოფლის მეურნეობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში ქეას მუშაობის მთავარი მიმართულებაა.

ქეას მიაჩნია, რომ წარმატებული და მდგრადი განვითარების მოდელი დამოკიდებულია ადგილობრივი სოციალური მეწარმეობის აღორძინებაზე, რომელიც წარმოშობს ახალ იდეებს ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კუთხით უსამართლო სოციალური ბალანსის წინააღმდეგ, რაც მარგინალიზაციას, გამოყოფასა და ზიანის მიყენებას იწვევს. სოციალური მეწარმეობის პროგრამა დაფუძნებულია ქეას კვლევაზე სამხრეთ კავკასიაში სოციალური უთანასწორობის შესახებ და წარმოგვიდგენს განვითარების მოდელს, რომელიც ეყრდნობა ხალხის უნარს გააუმჯობესონ თავიანთი თემის მდგომარეობა.

კოოპერატივების ხელშეწყობის პროექტი

კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში დაიწყო პროექტით „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“. ეს ოთხწლიანი პროექტი, მიმდინარეობდა 2014-2017 წლებში და ხორციელდებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, სამი ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციის და სხვადასხვა პარტნიორის მეშვეობით. მათ შორის იყო საერთაშორისო ორგანიზაცია ქეა, რომელიც პროექტს დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში: სამეგრელოში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რაიონში ახორციელებდა.

ENPARD პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის გაზრდა, სოფლის მეურნეობის აღორძინების საშუალებით. მთავარი ამოცანა იყო კოოპერატივებისა და ფერმერთა გაერთიანებების მხარდაჭერა და მათი ჩართვა საბაზრო ეკონომიკაში მეტი კეთილდღეობისა და წარმოებისთვის. პროგრამა ფოკუსირდება მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარების, კოოპერატივების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით.

მიზნების მისაღწევად პროექტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა:

1) პროექტმა ხელი შეუწყო კოოპერატივებისთვის დახმარების გაწევას, მათი ბიზნეს გეგმების უკეთ ჩამოაყალიბებისათვის და დასახვეწად. მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკურ ცოდნის გაზიარებას: მაგალითად, ნიადაგის და წყლის მენეჯმენტი, კლიმატის შესაფერისი დათესვა/დარგვის მეთოდები და ა.შ. ბიზნეს ანალიზის და მენეჯმენტის უნარების განვითარებას ბიზნესის წარმატებით სამართავად.

2) შეირჩა 50 ფერმერთა გაერთიანება, მათთვის გამოიყო დაბრუნებადი გრანტი და გაეწიათ ტექნიკური დახმარება.

3) პროექტმა გააძლიერა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის შესაძლებლობები მცირე ფერმერების ინტერესების უკეთ დასაცავად.

4) პროექტი თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან მცირე ფერმერებზე მიმართული სტრატეგიის დასახვეწად კოოპერატივების საქმიანობის შედეგების და მათზე ინფორმაციის მიწოდების საშუალებით.

5) პროექტმა დააკავშირა მცირე ფერმერთა გაერთიანებები ინვესტორებთან, გააუმჯობესა მათი წვდომა საბაზრო ინფორმაციასთან და წარმოება/გადამუშავების უახლეს მეთოდებთან, მისცა მათ საბაზრო კავშირების დამყარების შესაძლებლობები სხვადასხვა გამოფენებისა და ღონისძიებების სახით. 

6) პროექტმა ხელი შეუწყო კვლევის შედეგებზე დამყარებული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო  სკოლასთან თანამშრომლობით.

7) შეიქმნა კოოპერატივების ფონდი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს ფერმერების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, დაბრუნებითი გრანტების სისტემის მეშვეობით, რომელიც კოოპერატივების გაძლიერებას ხმარდება.

სოციალური საწარმოების მხარდაჭერის პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის

ქეას მიაჩნია, რომ ადამიანებს აქვთ იდეები და პოტენციალი საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების შესაცვლელად, მაგრამ აკლიათ უნარები და რესურსები ამის გასაკეთებლად. ამისთვის ქეამ პროგრამის „საქართველოში მცხოვრები შშმ ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა“ მხარი დაუჭირა სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებას საქართველოს სამ რეგიონში: სამტრედია, სენაკი, აბაშა. სოციალური საწარმოები  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს აძლევს საშუალებას, ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი და გაიუმჯობესონ საარსებო საშუალებები. 

პროგრამაში  მონაწილეობის მისაღებად ქალებმა გაიარეს სასწავლო კურსები, რომლებიც მიზნად ისახავდა, აემაღლებინა მათი ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ, ასევე ბიზნესის დაგეგმვისა და ტექნიკური უნარები. პროექტი ყურადღებას ამახვილებსდაარა მარტო დასაქმების შესაძლებლობების შექმნაზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებისთვის და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე, არამედ ამ ქალების სოციალურ ინტეგრაციაზეც. სოციალური საწარმოები არა მხოლოდ შემოსავლის მოპოვების საშუალებაა, არამედ იგი ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ურთიერთობა ჰქონდეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სხვა ქალებთან და ჩამოაყალიბონ თემი.